logo
ENG



სირცხვილია: შედეგი, რომელთანაც პოლიტიკური პროცესი მიგვიყვანს, "ოცნების" პასუხისმგებლობაა

26 ოქტ 202116:45
3 წუთის საკითხავი
 
2021/10/26/v4m0fnu2fk570sm.jpg

მოძრაობა სირცხვილია მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას, შიმშილობას და ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს განცხადებით ეხმაურება და წერს, რომ ნებისმიერი შედეგი, რომელთანაც არსებული პოლიტიკური პროცესი მიგვიყვანს, ქართული ოცნების პასუხისმგებლობა იქნება. 

მოძრაობის შეფასებით, ექსპრეზიდენტის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები და მისი პატიმრობის საკითხი ნათლად აჩვენებს ერთპარტიული მმართველობის ნაკლოვანებებს, რომელმაც ქვეყანა ავტორიტარულ რეჟიმამდე მიიყვანა.

სირცხვილია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის საკითხი არაჯანსაღი პოლიტიკური მოტივების საფუძველზე წყდება, რაშიც მთავარი პასუხისმგებელი პირი ქვეყნის არაფორმალური მმართველი, ბიძინა ივანიშვილია.

"მიუხედავად ნებისმიერი სახის პოლიტიკური გემოვნებისა, სირცხვილია ხელისუფლების მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ გამოვლენილი ქცევა – პოლიტიკური დევნა, რომლის მიზანი არა მიუკერძოებელი მართლმსაჯულება, არამედ პოლიტიკური ანგარიშსწორებაა. ამავეს ღიად მიუთითებს ქვეყნის არაერთი მეგობარი და საერთაშორისო პარტნიორი.

ამასთანავე, საგანგაშოა ციხის საავადმყოფოს მიერ შეთავაზებული არასათანადო სამედიცინო მომსახურება, რომელიც ვერ პასუხობს ხანგრძლივი შიმშილობის შედეგად წარმოშობილ სასიცოცხლო რისკებს, რასაც სახალხო დამცველის შეფასებაც ადასტურებს.

ხელისუფლების ქცევა ამორალურია ერთი მხრივ, მიხეილ სააკაშვილისა და მეორე მხრივ ციხის საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალის მიმართ, რომელთაც აიძულებენ აიღონ პასუხისმგებლობა “ქართული ოცნების” პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე.

ხელისუფლება ამგვარი ნაბიჯებითა და სიძულვილის ენის გამოყენებით ცდილობს, გააღრმაოს პოლიტიკური კრიზისი და საზოგადოების პოლარიზება.

შესაბამისად, ნებისმიერ შედეგზე, რომელთანაც არსებული პოლიტიკური პროცესი მიგვიყვანს, პასუხისმგებლობა ეკისრება “ქართულ ოცნებასა” და ბიძინა ივანიშვილს". - აცხადებს მოძრაობა სირცხვილია. 

მიხეილ სააკაშვილის 26-ე დღეა ციხეში შიმშილობს. 

მისი ადვოკატები სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის საჭიროებაზე ლაპარაკობენ ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტებისგან შემდგარი კონსილუმის წევრები და სააკაშვილის პირადი ექიმი. 

ამის საპასუხოდ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაშ გადაყვანა გამორიცხულია და რომ მას მხოლოდ ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ. 

სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და დაადგინა, რომ ვითარება სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. 


close დახურვა